საინფორმაციო შეხვედრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში
2020 წლის 29-30 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომლებმა მადონა ბასილაძემ და თამთა ჩეჩელაშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მის სოფლებში - დიმი, ფერსათი, როკითი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის უფლებამოსილებაზე, აპარატის სტრუქტურაზე, ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებზე და ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემებზე და მათი გადაჭრისგზებზე; ხაზი გაუსვეს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის როლსა და საქმიანობას; განიხილეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები.
შეხვედრების მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ერთობლივ საინფორმაციო ღონისძიებებში ორმხრივი ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.
სოფლების მაცხოვრებლებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ინსტიტუტის მანდატზე, თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით საზედამხედველო ფუნქციაზე, საქმის შესწავლის შედეგებისა და მომართვის ფორმებზე. მოსახლეობამ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, მათ შორის სოფლების შიდა გზების, ასევე მერიის წარმომადგენლობების შენობების მოუწესრიგებლობაზე ისაუბრეს.
უფლებადარღვევის ფაქტების პროაქტიული გამოვლენის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.