ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

2018 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის აპარატის თელავის ოფისის თანამშრომლებთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთან ერთად, კახეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული გენდერული საბჭოების შესახებ ინფორმაციის მიღება და მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობისა და გეგმების გაცნობა. შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ახმეტის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის არსებულ პრაქტიკაზე, განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ; არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკანონმდებლო რეგულაციებზე, ისევე როგორც, ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებებსა და გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ კახეთის 7 მუნიციპალიტეტში მოქმედებს გენდერული თანასწორობის საბჭო და მსგავსი საბჭოს შექმნა უახლოეს მომავალში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც იგეგმება. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საბჭოების შექმნასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები, ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების საჭიროება.

საინფორმაციოს შეხვედრა გაიმართა „სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება კახეთის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

4.04.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)