საინფორმაციო კამპანია - „უსაფრთხო სათამაშო“
2017 წლის 1 ოქტომბერს თბილისი მოლში საქართველოს სახალხო დამცველმა, ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშოს“ წევრ ორგანიზაციებთან ერთად, საინფორმაციო აქცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში დაინტერესებულმა პირებმა სპეციალისტებისგან მიიღეს ინფორმაცია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა აქტივობა და გავრცელდა საინფორმაციო მასალა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 1 ივნისიდან დაიწყო საინფორმაციო კამპანია - „უსაფრთხო სათამაშო“.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა აღნიშნულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ქიმიკოსებთან, ფსიქოლოგებთან, სოციალური დაცვის სამსახურის მუშაკებთან. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „უსაფრთხო სათამაშოს“ კამპანიის ფარგლებში შეხვდა ასევე, საცალო ქსელების წარმომადგენლებს და კამპანიის მიზნები გააცნო.
საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 9 მარტსრეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას.
ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შექმნას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში კონკრეტული ქმედებების დროულ განხორციელებას.