საერთაშორისო კონფერენცია - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“
2018 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“.
კონფერენციის მიზანი იყო, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ათი წლის თავზე არსებული ვითარების ანალიზი, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების განხილვა და საქართველოს მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგომი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვას რესპუბლიკა, თვალსაზრისის მოსმენა. მომხსენებლებმა ჰუმანიტარული გამოწვევები, საერთაშორისო პარტნიორების როლი, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების დამანგრეველ შედეგებზე და გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში ქვეყნის წინაშე მდგარ სირთულეებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ძალადობრივი კონფლიქტების თავიდან აცილებისა და გადაწყვეტის საქმეში.
„კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო საშუალება მათი თავიდან აცილებაა. ამას შეიძლება მივაღწიოთ სიძულვილის, შეუწყნარებლობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლით, ღირსების, თანასწორობისა და პატივისცემის უზრუნველყოფით, გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართვით და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შექმნით. მე ვადასტურებ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დარჩეს საიმედო და სანდო პარტნიორი ამ მიზნის მიღწევის პროცეში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის როლს კონფლიქტისა და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტრების პროცესში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლების დაცვის პრიორიტეტულობას; მოკლედ მიმოიხილა მოლაპარაკებების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის მნიშვნელობა; ისაუბრა საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების არარასებობაზე და მათი სიცოცხლის უფლების დარღვევის შემთხვევაშიც კი დამნაშავეთა დაუსჯელობაზე.
სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთათვის რეფერალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალქო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევაზე. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ თვალყურს მიადევნებს ხელისუფლების ინიციატივების შესრულების პროცესს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ვადიმ ჩერნიშიმ, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკიმ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებმა.