ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბიზნესი და ადამიანის უფლებები: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“

2016 წლის 31 ოქტომბერიდან 1 ნოემბერის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის, დანიის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე - „ბიზნესი და ადამიანის უფლებები: გამოწვევები და პერსპექტივებისაქართველოში“.

ღონისძიების გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ პაველ სულიანძიგამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიმოიხილეს რეგიონში ადამიანის უფლებებზე ბიზნეს გარემოს გავლენის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

აღნიშნეს, რომ დიდი ენერგეტიკული თუ სხვა საინვესტიციო და ბიზნეს პროექტების ფონზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მრავალი ხარვეზი იკვეთება ბიზნეს სექტორში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით და ჯერჯერობით, ბიზნეს–ინტერესებსა და ადამიანის უფლებათა საჭიროებებს შორის ბალანსის დაცვისთვის ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა. ისაუბრეს სახელმწიფო ვალდებულებაზე, შექმნას სამართლებრივი მექანიზმები, რათა ადამიანის უფლებები დაცული იყოს ბიზნესის არასასურველი ზემოქმედებისაგან, ხოლო ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში მსხვერპლს ხელი მიუწვდებოდეს დაცვის ეფექტიან საშუალებებზე.

კონფერენციის მომხსენებლებმახაზი გაუსვეს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობის მნიშვნელობას, თუმცა ცხადია, ამ პროცესში, ბიზნესსა და ადამიანის უფლებებზე გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებისა და ევროკავშირის მოთხოვნების თანახმად, აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, შრომის სფეროში მედიაციის მექანიზმების შემუშავება, სამუშაო პირობების ინსპექტირება, ტრეფიკინგთან და შრომით დისკრიმინაციასთან ბრძოლა. ვინაიდან, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგში შრომის უფლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია, მთავრობამ ეფექტიანი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, თემაზე მომუშავე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების და მსხვილი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოების, პროფკავშირებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიებზე განიხილეს ადამიანის უფლებების სფეროში ბიზნესისა და სახელმწიფოების მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების საერთაშორისო და რეგიონული ჩარჩოები;ევროპის ქვეყნების მიერ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელების პროცესები და ევროპის გამოცდილების საფუძველზე, საქართველოში საკითხის განვითარების ეტაპები ჩამოაყალიბეს.

ასევე, ისაუბრეს შრომის უფლებებზე, შრომის საერთაშორისო სტანდარტებზე, საქართველოში სამუშაო ადგილებზე გამოვლენილ დისკრიმინაციაზე, სოციალურ უფლებებზე, მასშტაბურ პროექტებსა და მათ ზეგავლენაზე გარემოზე. განიხილეს ადეკვატური ანაზღაურების, კონტრაქტის ფორმების, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვის, კორპორატიულ–სოციალური თანამშრომლობის და დავის განხილვის, მათ შორის კომპანიების შიგნით მსგავსი მექანიზმების შექმნისა და დახვეწის საკითხები.

კონფერენციის მეორე დღეს, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებასთან ერთად ისაუბრეს პრაქტიკულ გზებსა და ინიციატივებზე, ბიზნესში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით და რა როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ ამ პროცესში; ასევე განიხილეს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესსექტორში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე სახალხო დამცველი დიდი ხანია საუბრობს, თუმცა მსგავსი ხასიათის მასშტაბური, ღონისძიება, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით საქართველოში პირველად ჩატარდა და უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრების შედეგად მიღებული საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას პრობლემის სიღრმეებისა და ახალი მიდგომების მოძიებაში და შედეგის მომტანი გადაწყვეტილებების შემუშავებაში.

31.10.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)