ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“

2017 წლის 24 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართა საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“.

სახალხო დამცველი 2016 წლიდან ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ორგანოა და ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბების შეფასების მიზნით, ქალთა მკვლელობებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს ახდენს. სახალხო დამცველი ასევე, გამოავლენს გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებებისა და პრობლემის სახელდებისას არსებულ ხარვეზებს.

ღონისძიების გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ზოგადად მიმოიხილა ქალთა მკვლელობების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და აღნიშნა რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მექანიზმი. „2014–2016 წლებში სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლის შედეგად 50–მდე რეკომენდაცია და სპეციალური ანგარიში მოამზადა... რეალობა ძალიან მძიმეა და მსხვერპლები ვერ გრძნობენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კონფერენცია ხელს შეუწყობს გამოწვევების გადაჭრის ახალი გზების წარმოჩენას. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა მიღებულ იქნას პრევენციული ზომები ფემიციდის შემცირების/თავიდან აცილების მიზნით, ამასთან, განხორციელდეს ეფექტიანი რეაგირება ყველა მომხდარ შემთხვევაზე, საკანონმდებლო ხელისუფლებამ მოახდინოს ფემიციდის, როგორც ცალკე დანაშაულის დეფინიცია, ხოლო სასამართლოებმა საქმე გენდერული მოტივის გათვალისწინებით შეაფასონ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას და ევროსაბჭოს 2011 წლის (სტამბოლის) კონვენციის რატიფიცირების შედეგებს. „2015 წელს, როდესაც ჩვენ ყველანი ვიყავით შეძრწუნებული იმ ძალადობის ფაქტებით, რაც 2014 წელს მოხდა, ფემიციდის შემთხვევებით, ეს წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად, მაშინ ბევრი საინტერესო ინიციატივა წამოვიდა სამოქალაქო საზოგადოებიდან. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის პოლიტიკურ სიებში გენდერული კვოტირება. ეს არ არის გემოვნების საკითხი. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის, საქართველოს პარლამენტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) რატიფიცირებასთან ერთად 21 საკანონმდებლო აქტში შეიტანა ცვლილება, თუმცა, არსებული საკანონმდებლო ბაზა კიდევ უფრო დასახვეწია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ ფემიციდი სისტემურ პრობლემას წარმოადგენს და სახელმწიფოები ვალდებული არიან განსაკუთრებული მუშაობა გასწიონ მისი პრევენციისათვის.

კონფერენციის სესიებზე მოხსენებით გამოვიდნენ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩი, ფემიციდის მონიტორინგის მნიშვნელობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს ისრაელიდან ორგანიზაცია COST Action-ის თავმჯდომარემ შალვა ვეილმა, სერბეთიდან „ქალთა ავტონომიური ცენტრის“ წარმოამდგენელმა ალექსანდრა ნესტოროვმა და სომხეთიდან „ქალთა მხარდაჭერის ცენტრის“ წარმოამდგენელმა ანა ჟილოზიანმა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წელს მომხდარი ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ანგარიშის ძირითადი მიგნებები და მეთოდოლოგია წარმოადგინა.

კონფერენციის ფარგლებში ნაჩვენები იყო ვიკა ბუკიას საავტორო ტელებლოგი „ურჩი ქალები“, რომელშიც 2014 წელს საქართველოში მომხდარი ქალთა მკვლელობების შემთხვევებია ასახული.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

24.11.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)