ახალი ამბები

საჯარო ლექცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

2016 წლის 5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

სახალხო დამცველმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, მათ შორის გენდერული თანასწორობის, ბავშვთა, უსახლკაროთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით; ისაუბრა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის საკითხებზე, დევნილთა საჭიროებებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, ქართულ–აფხაზური დიალოგის მიმდინარეობაზე, რაც სახალხო დამცველის აზრით, ინფორმაციის გაცვლის კარგი შესაძლებლობაა. აქვე დაამატა, რომ დიალოგის რეჟიმში გადასვლისათვის ოს უფლებადამცველებთანაც მიმდინარეობს მუშაობა.

ასევე, სახალხო დამცველმა ზოგადად განიხილა მართლმსაჯულების კუთხით და პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოწვევები და სტუდენტებს სახელისუფლებო უწყებების მიმართ შემუშავებული მთავარი რეკომენდაციებიც გააცნო.

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველი მორიგ საჯარო ლექციას 8 დეკემბერს ახალციხის უნივერსიტეტში გამართავს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე10 დეკემბერს აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია „ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვრად“ გამოაცხადა.

5.12.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)