ახალი ამბები

საჯარო დებატები თემაზე: „სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში“

2016 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე „სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში“.

დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი გიგა ზედანია და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. საჯარო დებატებს მოდერაცია გაუწია საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

დებატებზე ყურადღება გამახვილდა იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს სეკულარიზმის პრინციპის პრაქტიკაში სრულყოფილი სახით გატარების მიმართულებით და მათზე საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე. განიხილეს რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხები, რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსებისა და მათთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის პრაქტიკა, რელიგიური და საკულტო ნაგებობების გადაცემა–დაბრუნების საკითხები, გამოწვევები განათლების სფეროში, ასევე რელიგიის სააგენტოს როლი სეკულარიზმის განმტკიცებაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების თემას. პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, 2014–2015 წლებში ძირითადად რელიგიური წესის აღსრულების ხელშეშლის ფაქტზე მოხდა გამოძიების დაწყება, პასუხისგებაში კი 2014 წელს – 7, ხოლო 2015 წელს – 5 პირი მიეცა. პროკურატურის წარმომადგენელმა განრიდების პრაქტიკაზეც ისაუბრა, რომელსაც სიტუაციების განმუხტვის მიზნით საგამოძიებო ორგანო ხშირად იყენებს; თუმცა მაია კვირიკაშვილის განმარტებით, განრიდება სასჯელისგან თავის არიდებას არ გულისხმობს, მათ პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ეცვლებათ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა გიგა ზედანიამ სეკულარიზმის გამომწვევი მიზეზები მიმოიხილა და ქვეყანაში ფუნდამენტალისტთა ჯგუფების აქტიურობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო განათლების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და რელიგიურ სფეროში რეფორმების აუცილებლობას.

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების თემას გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი. თამთა მიქელაძის შეფასებით მხოლოდ 4 რელიგიური ორგანიზაციისთვის დაფინანსების გამოყოფა იყო დისკრიმინაციული.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა საჯარო დებატებზე დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა სააგენტოს მანდატი და ხაზი გაუსვა, რომ უწყება მხოლოდ რეკომენდაციის გამცემი ორგანოა. არჩილ მეტრეველმა რელიგიური ნეიტრალიტეტის და სეკულარიზმის პრინციპების დაცვის შესახებ მიმდინარე საგანმანათლებლო შეხვედრებზეც ისაუბრა, რომელსაც სააგენტო ახორციელებს საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის.

საჯარო დებატების მეორე ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საჯარო დებატები ადამიანის უფლებების სფეროში აქტუალურ საკითხებზე ყოველი თვის ბოლო პარასკევს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის გაძლიერება“ მხარდაჭერით იმართება.

26.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)