საჯარო დებატები თემაზე – „ქალთა, შშმ პირთა და ბავშვთა შრომა: პრობლემები და გამოწვევები“
2017 წლის 1 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მორიგი საჯარო დებატები გაიმართა, რომელზეც ქალთა, შშმ პირთა და ბავშვთა შრომა: პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. ღონისძიებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტების მენეჯერი ანა არგანაშვილი უძღვებოდა.
დებატების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა მოწყვლადი ჯგუფებისთვის შრომის სფეროში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და განსახორციელებელი ღონისძიებები, შრომის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები.
„ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია. თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ სამუშაო ადგილზე დაშავებული, გარდაცვლილი, უფლებადარღვეული ადამიანების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა ქვეყანაში კვლავ არ მოქმედებს შრომის პირობებსა და უსაფრთხოებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, არსებული პროგრამა კი - ვერ ქმნის პრევენციისა და შემთხვევებზე რეაგირების მყარ გარანტს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ერთადერთია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, სადაც შრომის ინსპექცია არ ფუნქციონირებს“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის სფეროში არსებული გამოწვევების შესწავლის შედეგები და ჩატარებული კვლევები წარმოადგინა. აღნიშნა, რომ ბავშვებს თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკური განვითარების დონესთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონის მიზეზით უხდებათ; ხშირია ბავშვთა შრომის საფუძველზე სკოლის მიტოვების შემთხვევები და ოჯახებში სეზონური სამუშაოების შესრულების მიზეზით სკოლის გაცდენის ფაქტები. საქართველოში 5-17 წლის ასაკის 571 ათასი ბავშვი ცხოვრობს და აქედან 24,4 ათასი ბავშვთა შრომაშია ჩართული, რომელთა 63,9% ანუ დაახლოებით 15600 ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს.
არასაკმარისი და არაეფექტურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებული სახელმწიფო პროგრამები, რაზეც დასაქმებულთა დაბალი რაოდენობაც მეტყველებს. 2016 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში 52,ხოლო კერძო სექტორში 32 შშმ პირია დასაქმებული.
სახალხო დამცველის მოადგილემ ქალთა შრომით დისკრიმინაციაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებზე. აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები კონკურსში მონაწილე პირებს ასაკსა და გარეგნობასთან დაკავშირებით კრიტერიუმებს უწესებენ. დასაქმების ადგილზე ხშირია სექსუალური და სქესის ნიშნით შევიწროება, ორსულობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურში არ მიღება თუ სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა. საგანგაშოა თვითდასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობაც.
დებატებზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი თამარ მახარაძე და ორგანიზაცია „ქალთა მზერის“ წარმომადგენელი გვანცა ხონელიძე.