ახალი ამბები

საჯარო დებატები თემაზე გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში

2016 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.

განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის ხარვეზები, ვაკე–საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზის უსაფრთხოება, საზოგადოების არასაკმარისი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის პანორამა თბილისის პროექტის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობა, ასევე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას წარმოქმნილი პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება იმ გარემოსდაცვით საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშშია ასახული.

დებატებზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი თათული თოდუა, რომელმაც მთავარ პრობლემად გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონში არსებული ხარვეზები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადების დაბალი ჩართულობა დაასახელა. თათული თოდუამ ასევე განიხილა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემისას კანონით დადგენილი ვალდებულებების უგულებელყოფის და კულტურული მემკვიდრეობის საკითხების გათვალისწინების საკითხები, სამშენებლო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები. ისაუბრა უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემების არსებობაზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა თამარ შარაშიძემ გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ კანონში არსებული ხარვეზები დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროში უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების თანახმად გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედ კანონში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება და ეს კანონპროექტი მაქსიმალურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ აღნიშნა, რომ ხარვეზიანი კანონმდებლობის არსებობის პარალელურად არ ხდება საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში; უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, „მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებული კანონიც კი ძალაში შესვლის შემდეგ მუდმივ განვითარებას და პერიოდულ განახლებას საჭიროებს.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობა და არსებული კანონმდებლობა მიმოიხილა, ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უფრო მეტად გაფართოვდეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების სია, რომელთა განხორციელებისას გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნის წარმოდგენა სავალდებულო გახდება.

ღონისძიებას მოდერაცია ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ ხელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ გაუწია.

დებატების მონაწილეებმა კონკრეტულ საკითხებზე დისკუსია გამართეს.

სახალხო დამცველის საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის მიერ „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“–ის ორგანიზებით იმართება და მასზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.

27.06.16
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)