ახალი ამბები

საჯარო დებატები თემაზე „ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში“

2017 წლის 24 თებერვალს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: „ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დებატებს მოდერაცია ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გაეროს ექსპერტმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავამ გაუწია.

თავის მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობის ყოველწლიურ ზრდაზე ისაუბრა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მკვეთრ ღონისძიებებს უნდა მიმართოს, რათა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მაქსიმალურად უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოება. ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული მუშაობით, სწორი საინფორმაციო კამპანიით და მოძრაობის წესების დაცვაზე პოლიციის მკაფიო მონიტორინგით, სადაც უმთავრესი ყველა მძღოლის კანონის წინაშე თანასწორობა იქნება.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ვალერი ლომუაშვილმა მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ბოლო წლების მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და დაშავებაზე, ასევე დაჯარიმების სტატისტიკაზე ისაუბრა.

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკატერინე ლალიაშვილმა საგზაო უსაფრთხოების პრობლემის ანალიზი და შეფასება წარმოადგინა. ისაუბრა უსაფრთხოების ამაღლების მიზნით ჩასატარებელ ღონისძიებებზე, ადმინისტრაციული სანქციების ეფექტურობაზე. მიმოიხილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი საჯარომო სისტემა.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (DFI) საჯარო პოლიტიკის მრჩეველმა ნოდარ ტანგიაშვილმა თავის გამოსვლაში – საგზაო უსაფრთხოება როგორც ადამიანის უფლება,ისაუბრა ეროვნულ და საერთაშორის ნორმებზე, სახელმწიფოს ვალდებულებაზე; წარმოადგინა შემთხვევათა გამომწვევი მიზეზების, შედეგებისა და სტატისტიკის შესახებ მოკლე ანალიტიკური კვლევა.

ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ დაფინანსებული სახალხო დამცველის საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სისტემატიურად იმართება და საზოგადოებას, სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქტუალური საკითხების განხილვის საშუალებას აძლევს.

24.02.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)