ახალი ამბები

საჯარო დებატები: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – მიღწევები და გამოწვევები

2016 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა, რომელზეც მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის - მაინა კიაის 2012 წლის 8 ივნისის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.

საჯარო დებატები მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა. ღონისძიებას მოდერაცია გაუწიასაერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიამ.

2012 წლის 8 ივნისს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ გამოაქვეყნა სპეციალური მოხსენება – საქართველოში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების რეალიზაციის შესახებ, რომელშიც საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული რეკომენდაციები ჩამოყალიბებულია ორ ჯგუფად. ერთი ეხება გაერთიანების თავისუფლებას და მეორე მშვიდობიანი შეკრების უფლებას. სხვა დანარჩენი რეკომენდაციები მიმართულია საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სამოქალაქო სექტორის და თავად სახალხო დამცველის მიმართ. საქართველოს სახალხო დამცველმა თავისუფალი გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებთან დაკავშირებული რეკომენდაციები განიხილა და დებატებზე მათი შესრულების ანგარიში წარმოადგინა.

სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასაქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციათა ნაწილი საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა; კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც სპეციალური მომხსენებლის კრიტიკის საფუძველი იყო; ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება – ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნაკლებად სისტემური ხასიათისაა და შემოიფარგლება ცალკეული ფაქტებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მაჟორიტარული ოლქების ხელახლა გადანაწილებასთან დაკავშირებით, თუმცა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების ახალი წესი ხელოვნურია, არ ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და ბუნებრივად ჩამოყალიბებულ გეოგრაფიულ არეალებს.

ჯერ კიდევ მოუგვარებელია გენდერული თანასწორობის საკითხები, დასახვეწია კვოტების სისტემა.

გარკვეული ცვლილებები განიცადა შრომის კოდექსმაც; აქვე აღსანიშნავია ევროპის საბჭოს სოციალური ქარტიის დამატებითი ოქმის ხელმოწერის აუცილებლობა.

არასახარბიელო მდგომარეობაა მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების დაჟინებული რეკომენდაციისა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები არ შესულა.

შეზღუდულია შეკრების უფლება, სახელმწიფო ჯეროვნად ვერ ასრულებს შეკრების თავისუფლების დაცვის ვალდებულებას და ძალოვანების მიერ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოსდევს.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება გააუქმებს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების გამოყენების შემთხვევებში. თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი მაინა კიაიმ დემოკრატიული სახელმწიფოს განვითრებისათვის წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელობას დაუთმო. ასევე ისაუბრა პანამის დოკუმენტების კონტექსტში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კორუფციის დამანგრეველ ზემოქმედებაზე. აღნიშნა, რომ არ შეიძლება ბიზნესის ინტერესები ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დადგეს და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის გაძლიერება.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველმა ოგე ბორჩგრევინკმა პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც პოლიტიკური გაერთიანებებისა და ფორმირების უფლებების დაცვის კუთხით, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები განიხილა.

სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედებების შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ევროპის საბჭოს პროგრამის „HELP in 28–ის“ კოორდინატორმა ევა პასტრანამ.

საქართველოს მთავარი პროკურატურისადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა მაია კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დარღვევისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტების გამოძიებაზე და მათ შორის, 2013 წლის 17 მაისის მოვლენებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

დებატებზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის - მაინა კიაის 2012 წლის 8 ივნისის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა

15.04.16
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)