ახალი ამბები

საჯარო დებატები სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თემაზე

2015 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი დებატები გამართა თემაზე – „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა: მიღწევები და გამოწვევები“. ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების შესახებ აქტუალური საკითხების განსახილველად საზოგადოებაში მეტი სივრცის არსებობის აუცილებლობას და ამ განხილვაში პრეზიდენტის მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე, მოკლედ მიმოიხილა 2014 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობა საქართველოში; შეაჯამა საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ძირითადი ტენდენციები და მიმართულებები; გამოყო განსაკუთრებით მწვავე საკითხები. სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა გასულ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოხსენებით გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე ისაუბრა. ასევე განიხილა სახალხო დამცველის მოვალეობები და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია სახალხო დამცველის უფლებებისა და საქმიანობის განმახორციელებელი მექანიზმების გაზრდა. განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურის დონის ამაღლების საჭიროებას და აღნიშნა, რომ განსხვავებულისადმი სიძულვილის ტირაჟირებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მრავალეროვანი და მრავალ რელიგიური საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას წლიურ ანგარიშში წამოჭრილი საკითხების სიმწვავესა და მათი გადაჭრის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ასევე, წარმოადგინა „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის ძირითადი მიმართულებები და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების გადამეტებულად მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, სტუდენტები, ჟურნალისტები, თემით დაინტერესებული პირები.

დებატების მსვლელობისას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელმა გიორგი გოგიამ სხვადასხვა ხასიათის კითხვებს უპასუხეს. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მის მიერ არაერთხელ რეკომენდირებული შრომითი ინსპექციის შექმნა შრომითი უფლებების დაცვის ყველაზე ქმედითი საშუალება იქნება; დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვთა დაცვის საკითხებმა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. უფრო ეფექტურად უნდა ამოქმედდეს სამი სამინისტროს (შსს, განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროების) მიერ შემუშავებული ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურის შესახებ. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ის არ შეასუსტებს ძალისხმევას ბავშვთა უფლებების დაცვისათვის.

კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ უკვე ერთი წელია აპარატში ამ საკითხებზე სპეციალური მრჩეველი მუშაობს; მომზადდა რამდენიმე ანგარიში, კვლევა და რეკომენდაცია ხელისუფლების ორგანოებისადმი, საკითხის შეძლებისდაგვარად დარეგულირების მიზნით, თუმცა ჯერ–ჯერობით სერიოზული ცვლილები არ განხორციელებულა. გიორგი გოგიას ცნობით, გალსა და ახალგორში რამდენიმე წელია ვითარება არ შეცვლილა და ძირითადი პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ისაუბრეს ტოლერანტობის კულტურის დაბალ დონესა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების არაეფექტურობაზე; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებების გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე და აღინიშნა, რომ ამ მექანიზმის შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას და გაზრდის ნდობას სასამართლო ხელსუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

საჯარო დებატებს სახალხო დამცველი ყოველთვიურად მართავს ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობის“ ფარგლებში.

29.05.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)