ახალი ამბები

საჯარო დებატები ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე

2015 წლის 24 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დებატები – „ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე: განხორციელება და მონიტორინგი“. დებატები ჩატარდა ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

საჯარო დებატების მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის სამომავლო გზების დასახვა. დებატებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ საბედაშვილმა. ხოლო ღონისძიების მხარდაჭერა განხორციელდა ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ევა პასტრანა. გამომსვლელებმა ისაუბრეს დისკუსიის მნიშვნელობასა და საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აპარატის საქმიანობის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს და აპარატი მზადაა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც კონვენციის განხორციელების ისე მისი შემდგომი შესრულების მონიტორინგის მიმართულებით.

საჯარო დებატების მოხსენებების ნაწილში ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, თინათინ უფლისაშვილმა ისაუბრა კონვენციის ძირითად მიზნებსა და მიღების ისტორიაზე. აგრეთვე აღინიშნა, რომ იგეგმება პასუხისმგებელ ექსპერტთა ჯგუფის ე.წ. გრევიოს შექმნა, რომლისთვისაც მონაწილე ქვეყნების მიერ კანდიდატები უკვე წარდგენილია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მოხსენებისას ისაუბრა კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირებისათვის მომზადების პროცესის მიმდინარეობაზე. ბატონი ალექსანდრეს ინფორმაციით, კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოსაყვანად იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ქალბატონმა მანანა კობახიძემ მოხსენების ფარგლებში ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ოჯახში ძალადობის საკითხებზე ეფექტური მუშაობის ხელშესაწყობად. კერძოდ, ქალბატონმა მანანამ ხაზი გაუსვა ქორწინების იძულების ინკრიმინაციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის მიზნით მოძალადის განრიდების მიზნით შემოღებულ ახალ რეგულაციებს და განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოთქვა სრული მზაობა საქართველოს პარლამენტში კონვენციის რატიფიცირების ლობირებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობის კუთხით.

დებატების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა, თუ სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, რომელიც პრემიერ–მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ წარმოადგინა. ქალბატონმა სოფომ გამოსვლისას ისაუბრა ოჯახში ძალადობის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაზე, კერძოდ, 2014 წლის ნოემბერში დამტკიცდა პირის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საბჭო ახალი შემადგენლობით, რომლის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან მინისტრების მოადგილეები, სპეციალური მოწვევითა და სათათბირო ხმის უფლებით – საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

საჯარო დებატების ფარგლებში მოხსენებით წარსდგა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე, რომელმაც კონვენციის მონიტორინგის მექანიზმებსა და სახალხო დამცველის ხედვაზე ისაუბრა. მოხსენებისას წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის ხედვა კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის უფლებადაცვითი ორგანო, მზადყოფნას გამოთქვამს, განახორციელოს მონიტორინგისა და შეფასების ფუნქცია.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას საშუალება მიეცა დაესვათ შეკითხვები მომხსენებლებისთვის და გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები.





სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)