ახალი ამბები

საჯარო დებატები: არის თუ არა სახელმწიფო მზად ეკომიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად

საქართველოს სახალხო დამცველმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: არის თუ არა სახელმწიფო მზად ეკომიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად. ღონისძიებას მოდერაცია გაუწია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თათული თოდუამ. დებატების თემა თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო საქმიანობის შესწავლის შედეგად შეირჩა.

მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა მოკლედ ისაუბრა ქვეყანაში ეკომიგრანტთა მდგომარეობაზე და იმედი გამოთქვა, რომ დებატები ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრის გზების ძიებას.

თავის მოხსენებაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ აღნიშნა, რომ ბუნებრივი კატასტროფების ფონზე მწვავედ დგას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირების – ეკომიგრანტების პრობლემა. სახალხო დამცველი წლებია ამ საკითხს აყენებს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების წინაშე, თუმცა, დღემდე არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია ამ მიმართულებით. არ შემუშავებულა არა თუ მათი განსახლების, ახალ ადგილას დასაქმებისა და ინტეგრაციის გეგმა, არამედ კანონში დეფინიციაც კი არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული, ბევრი მათგანისათვის არც სტატუსია დადგენილი და არც მათი რაოდენობაა განსაზღვრული. ეკომიგრანტთა დიდი ნაწილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში და მუდმივი საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი.

თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ უკვე შეიმუშავა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებების დამდგენი მექანიზმი და საერთაშორისო და საზოგადოებრივი დახმარებებით თვითმმართველობა თანდათანობით დააკმაყოფილებს მათ საცხოვრებელი ფართითა და ფულადი კომპენსაციით. ამასთან, მერიის ორგანიზებით დაზარალებულებს დროებითი განსახლების ადგილებში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაუტარდათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ ეკომიგრანტთა შესახებ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ კანონი უკვე შემუშავებულია და საქართველოს მთავრობაში არის გადაგზავნილი. მინისტრის მოადგილემ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საქმეში თვითმმართველობების როლსა და ფუნქციებზეც ისაუბრა.

სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ციალა ქათამაძემ.

მოხსენებების შემდგომ გამართულ დისკუსიაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის სისუსტეზე, ქვეყნის სტიქიისა და ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ საქართველოში არსებულ საფრთხეებზე, ამ საფრთხეების პრევენციისათვის სახელმწიფოს შესაბამისის სტრუქტურების, და განსაკუთრებით, თვითმმართველი ქალაქების მზადყოფნაზე. დიდი ყურადღება დაეთმო წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემას.

31.07.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)