ახალი ამბები

საჯარო დებატები: ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა - ხარვეზები და გამოწვევები

სახალხო დამცველის მორიგ დებატებზე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება განიხილეს.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ მიღებული კანონის სრულყოფილად ამოქმედების, ქვეყანაში დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს თანასწორობის დეპარტამენტი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევა პასტრანამ სახალხო დამცველის საქმიანობის და განსაკუთრებით დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის მუშაობაში ევროკავშირის მხარდაჭერასა და თანადგომაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიოშვილმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუმჯობესების მიზნით, საკანონმდებლო პაკეტში შესატან ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა.

სახალხო დამცველის ინიციატივა სამ ძირითად საკითხს მოიცავს. ერთი, გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც სახალხო დამცველს უფლებას მისცემს არ შეწყვიტოს დისკრიმინაციის შესახებ საქმის შესწავლა იმ შემთხვევაშიც, თუ იგივე საქმე განიხილება სასამართლოში. მეორე საკითხი კერძო სტრუქტურებში კანონის აღსრულების კონტროლის მექანიზმის დახვეწას ეხება, ხოლო მესამე - სახალხო დამცველის, როგორც სასამართლოს მეგობრის მონაწილეობას დისკრიმინაციის საკითხების განხილვისას.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა თამარ კორძაიამ დადებითად შეაფასა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური იმპლემენტაციისათვის განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივის განხილვისა და კანონის დახვეწისთვის მუშაობის მზაობა გამოთქვა.

კოალიცია თანასწორობისთვის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ კოალიცია ეთანხმება საკანომდებლო პაკეტში შესულ საკითხებს და მხარს დაუჭერს სახალხო დამცველს ინიციატივის განხორციელებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის ეკატერინე ფოფხაძის მოდერაციით გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)