რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა
2016 წლის 24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა რუსთავის მერს სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციაზე“ მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის რეკომენდაციით მიმართა; თუმცა, როგორც 15 ივნისს გახდა ცნობილი, რუსთავის მერმა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
საქართველოს სახალხო დამცველმა რუსთავში, სსიპ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაუცემლობის ფაქტზე საქმისწარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წლის აპრილში, რუსთავის სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ“ მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტს. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ (პირველი სტადია), განმცხადებელმა კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა მოითხოვა. კანონით გათვალისწინებული ვადა ისე ამოიწურა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, კათოლიკურმა ეკლესიამ სასამართლოს მიმართა, რომელმაც მშენებლობის ნებართვა გაცემულად მიიჩნია. სასამართლოს განმარტებით, კათოლიკურ ეკლესიას ადმინისტრაციული ორგანოსაგან მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა უნდა მოეთხოვა. 2015 წელს კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა რუსთავის მერიას მშენებლობის სანებართვო მოწმობის მიღების თხოვნით მიმართა, თუმცა მერიამ შესაბამისი აქტი მაინც არ გამოსცა.
საკითხის შესწავლის ფარგლებში, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა რუსთავის მერს, რომელმაც თავის ახსნა–განმარტებაში მიუთითა, რომ სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ ზონა 5-ში მდებარეობდა, სადაც მიმდინარე დროისთვის საკულტო ნაგებობის მშენებლობა საერთოდ დაუშვებელი იყო.
მოგვიანებით, საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მერის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობას და საკულტო ნაგებობის მშენებლობა საცხოვრებელ ზონა 5–ში ნებადართული იყო.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის პასუხად რუსთავის მერმა მიუთითა, რომ მშენებლობის საკითხი კვლავ განიხილება სასამართლოში და ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. სამწუხაროდ, კათოლიკური ეკლესიის მრევლის რელიგიის თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია ამ დროისათვის ისევ ვერ ხერხდება და დროში ჭიანურდება.