ახალი ამბები

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში

2017 წლის 26 ივლისს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს ლევან ხარატიშვილს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს.

2016-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სახელმწიფო უწყებებისადმი, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიის მიმართ რეკომენდაციების ნუსხა მოამზადა, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს.

შეხვედრაზე კულტურის მინისტრის მოადგილემ ვრცელი მოხსენება გააკეთა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტურის სფეროსთან დაკავშირებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ. ასევე, განიხილეს კულტურის საკითხებისადმი მიმართული საბჭოს რეკომენდაციები, ისაუბრეს რელიგიური თემების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ძეგლების სტატუსზე და მათ მოვლა-პატრონობაზე, კონსერვაციაზე, რეკონსტრუქციასა და რეკონსტრუქციის შედეგად ისტორიული ძეგლის იერსახის შეცვლის პრობლემებზე.აღინიშნა, რომ საჭიროა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში განისაზღვროს პუნქტები უმცირესობათა მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისა და ზოგადად რეგიონებში ტოლერანტობის კულტურის განვითარების მიმართულებით.

დასასრულს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა რელიგიათა საბჭოს შესთავაზა, ყოველ 4 თვეში ერთხელ გაიმართოს შეხვედრა ინფორმაციის ეფექტურად გაცვლისა და პრობლემებზე დროული რეაგირების მიზნით.

რეკომენდაციების განსახილველი პირველი შეხვედრა 2017 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან გაიმართა.

26.07.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)