რეკომენდაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრს მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში წესებისა და ნორმების რეგლამენტირების შესახებ
2017 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და ნორმების რეგლამენტირების შესახებ.
საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულია და სამოქმედოდ დაშვებულია მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის შემცველი სამშენებლო ნორმები და წესები (СНиПIII-4-80), რომელიც მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი და გამომდინარე იქიდან, რომ განეკუთვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არ არის განთავსებული. საქართველოს კანონმდებლობაში მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиПIII-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის არარსებობა საფუძველს უყრის მისი არაოფიციალური სახით გამოყენებასა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას.
მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиПIII-4-80) რუსულ ენაზე მოქმედების გარდა, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ნორმატიული აქტის მიუღებლობა და შესაბამისად, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ასეთი აქტის არარსებობა.
მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ზემოხსენებული საკანონმდებლო ბადე ორაზროვანი, ბუნდოვანი და განუსაზღვრელი მასშტაბის ნორმებითა და წესებით ხასიათდება, რაც არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპსა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиПIII-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით მიღება და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მისი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არსებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირება.