რეკომენდაცია საქართველოს მთავარ პროკურორს პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით
2017 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულ მ.თ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების თაობაზე.
2017 წლის 12 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოინახულა ბრალდებული მ.თ. რომლის განცხადებით, 2017 წლის 15 მარტს მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, სადაც იგი უცნობმა ადამიანებმა დააკავეს. მ.თ.–ს მტკიცებით, აღნიშნულ პირებს არ ეცვათ პოლიციის ფორმა, არ წარუდგენიათ სამსახურებრივი მოწმობა, არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი და მხოლოდ ავტომანქანაში იძულებით ჩასმის დროს უთხრეს რომ პოლიციელები იყვნენ.
დაკავებულის განმარტებით, რესტორნიდან პოლიციის ავტომანქანამდე დაახლოებით 10–15 მეტრის მანძილზე ძალით მიათრიეს, ავტომანქანაში ჩასმამდე ერთ–ერთმა პირმა ხელი მოუჭირა ყელზე, ხოლო სხვა პირი ურტყამდა. მ.თ.–ს თქმით, მანქანაში ჩასმამდე მან ამოიტრიალა შარვლის ჯიბეები და ყვიროდა, რომ არაფერი არ ჰქონდა, თუმცა, პოლიციელებს მისი პირადი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ და მხოლოდ ზედაპირულად შეამოწმეს (ჯიბეს ხელი გარედან დაადეს). დაკავებული წაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, სადაც ტანსაცმლის გახდა აიძულეს და მისი ტანსაცმელი გარკვეული პერიოდით სხვა ოთახში გაიტანეს. მ.თ.–ს მტკიცებით, მას არ უნახავს რა მოხდა მის ტანსაცმელთან დაკავშირებით.
ბრალდებულის დაკავების ოქმისა და პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ბრალდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მისი განმარტებით, დაკავების დროს მიიღო.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ.თ.–ს მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ, გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, ჩატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის შედეგად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო.