რეკომენდაცია ონის მუზეუმის ახალი შენობით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ონის მხარეთმცოდნეობის (ისტორიული) მუზეუმის ახალი შენობით უზრუნველსაყოფად, რათა არ იქნას უგულებელყოფილი კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპი, რომელიც თავის თავში მოიცავს მუზეუმისთვის მატერიალურ/ტექნიკურ მხარდაჭერას სათანადო ინფრასტრუქტურით და ასევე, თითოეული მოქალაქის კულტურული ფასეულობებით სარგებლობის უფლებას.
სახალხო დამცველმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში ვიზიტისას, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე შეიტყო, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა რთულ მდგომარეობაშია და დაცულ ექსპონატებს შესაძლოა დაზიანების და განადგურების საფრთხე შეექმნას. სახალხო დამცველმა იმავე დღესვე მოინახულა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
ვიზუალური დაკვირვებით კარგად გამოჩნდა, რომ შენობა ავარიულია, დაბზარულია კედლები, დაზიანებულია ჭერი და იატაკი. არ არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო, ცენტრალური გათბობის, გამწოვი ვენტილაციის ან ჰაერის კონდიცირებისა და დაცვის სისტემა. შეუძლებელია შენობის სათანადო წესით დასუფთავება, რაც საფრთხეს უქმნის სამუზეუმო ექსპონატებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ონის მხარეთმცოდნეობის (ისტორიულ) მუზეუმში დაცული ექსპონატები არა მარტო რაჭა-ლეჩხუმის მხარის, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ თვითმყოფადობას, კულტურულ მემკვიდრეობას და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს წარმოადგენს. შესაბამისად მისი სრული მრავალფეროვნებით დაცვა საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან გამოდინარე, როგორც თითოეული მოქალაქის ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.