რეკომენდაცია მსჯავრდებულებისთვის განაჩენის ასლის გადაცემისა და საჩივრის სააპელაციო სასამართლოში გაჭიანურების გარეშე გადაგზავნის თაობაზე
2015 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისთვის განაჩენის ასლის გადაცემისა და საჩივრის სააპელაციო სასამართლოში გაჭიანურების გარეშე გადაგზავნის უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მსჯავრდებულთა განცხადებების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გორის რაიონული სასამართლო განხილული სისხლის სამართლის საქმეების განაჩენების ასლებს მსჯავრდებულებს სისტემატიურად არ გადასცემს კანონით დადგენილ ვადაში; ასევე, არაგონივრულ აჭიანურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრისა და საქმის გადაგზავნას.
საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, მსჯავრდებულთათვის განაჩენის ასლის კანონით დადგენილ ვადაში გადაცემის/გაგზავნის არ უზრუნველყოფის გამო, თუნდაც ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემით იყოს გამოწვეული, საფრთხე ექმნება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზაციას. განაჩენის ასლის მსჯავრდებულისთვის კანონით დადგენილ ვადაში გადაცემის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლების ეფექტიანად გამოყენებისთვის.
მართალია, კანონი კონკრეტულ ვადას არ აწესებს, რა ვადაში უნდა გადაგზავნოს პირველი ინსტანციის სასამართლომ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ეს არ უნდა გახდეს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის სააპელაციო სასამართლოში საქმის რამდენიმე თვის განმავლობაში არგადაგზავნის და შესაბამისად, არაგონივრული ვადით საქმის განხილვის გაჭიანურების საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით და ევროპის საბჭოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე–6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს საქმის განხილვას გონივრულ ვადებში.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის წერილით ირკვევა, რომ გორის რაიონულ სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეთა სიმრავლე იწვევს სასამართლოს გადატვირთულობას. აღნიშნული მიზეზით მსჯავრდებულთათვის განაჩენის ასლის კანონით დადგენილ ვადაში გადაუცემლობა და სააპელაციო საჩივრისა და სისხლის სამართლის საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის არაგონივრული ვადით გაჭიანურება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. შესაბამისად, აუცილებელია გატარდეს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეების და სხვა საჯარო მოხელეების საკმარისი რაოდენობის განსაზღვრის და თანამდებობაზე დანიშვნის თვალსაზრისით.