ახალი ამბები

რეგიონული ვებინარი თემაზე: შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგი პანდემიის პირობებში

2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელთან (ENNHRI) თანამშრომლობით ონლაინ ვებინარი გამართა თემაზე „შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგი ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში“.

ღონისძიება მიეძღვნა პანდემიისადმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, შშმ პირთა განთავსების ადგილებში მონიტორინგის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ონლაინ შეხვედრამ შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებს საშუალება მისცა - პანდემიის პირობებში მონიტორინგის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებზე უშუალოდ გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა (CPT) და შშმ პირთა უფლებების ევროპული ფორუმის წარმომადგენელთაგან მიეღოთ ინფორმაცია.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად ხაზს უსვამენ საგანგებო სიტუაციებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგის აუცილებლობას. შშმ პირთა განთავსების ადგილებში მათი უფლებების დაცვის მონიტორინგი ვირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული რიგი შეზღუდვების გამო ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

„შშმ პირთა დაწესებულებების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს პანდემიის პირობებში, მათ შორის კარანტინის დროს და შესაბამისი მანდატის ინსტიტუტები არ უნდა იქნან აღქმული ვიზიტორებად, არამედ მონიტორებად, რომელთა საქმიანობა აუცილებელია შშმ პირთა უფლებების დასაცავად“ - აღნიშნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტმა მიკოლა გნატოვსკიმ.

ჩეხეთის, ბელგიისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში ადგილობრივ დონეზე არსებულ გამოწვევებსა და მათ მიერ დანერგილ საუკეთესო პრაქტიკაზე.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება