რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის სემინარი თანასწორობის ინსტიტუტებისთვის
2017 წლის 23-24 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის სემინარში მიიღო მონაწილეობა.
სემინარის მთავარ მიზანს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის N2 ძირითადი რეკომენდაციის – სპეციალიზირებული ორგანოები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე, გადახედვა და მოსაზრებების ასახვა წარმოადგენდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული კომისიის წევრები და თანასწორობის მექანიზმების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. სემინარზე განიხილეს რეკომენდაციაში შესატანი ცვლილებები, გაიზიარეს მონაწილეთა მოსაზრებები, შეხედულებები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ძირითად პრეზენტაციებთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამუშაო ჯგუფების ფორმატში ემსჯელათ რეკომენდაციის ძირითადი საკითხების აღსრულების პერსპექტივებზე და გამოეთქვათ მოსაზრებები შემოთავაზებულ ცვლილებებზე.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისას, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეკომენდაციაში ცვლილებების ასახვის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ სპეციფიკასა და მანდატზე, რაც თანასწორობის მექანიზმს საქართველოში გააჩნია. ამასთან, ყურადღება გაამახვილა რეკომენდაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანასწორობის მექანიზმების მისაწვდომობის უზრუნველყოფის ასახვის დადებით მხარეზე, რადგან აღნიშნული საკითხი, შესაბამისი შენობის არ არსებობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.