რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მოხსენება საქართველოს შესახებ
ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მონიტორინგის მეხუთე ციკლის შედეგად, საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შუალედურ შეფასებას მოიცავს.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე მომუშავე პოლიციელთათვის ტრენინგების ჩატარების მიზნით.
კომისიამ შეაფასა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებს, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭოსადმი მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს უნდა დაევალებინა ახლადშექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის, მჭიდროდ ეთანამშრომლა და გამოეყენებინა რელიგიათა საბჭოს გამოცდილება რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემების აღმოსაფხვრელად.
კომისიამ მიიჩნია, რომ რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არ შეასრულა რეკომენდაცია და არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები რელიგიურ საბჭოსთან თანამშრომლობისათვის.
ევროპული კომისია თავის ანგარიშში სინანულს გამოთქვამს, რომ რელიგიური ტოლერანტობის ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ვერ გაიყენა სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის გამოცდილება სოფელ მოხეში მიმდინარე დაპირისპირების დროს. გარდა ამისა, კომისიამ უარყოფითად შეაფასა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რელიგიურ თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვისას სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოვლენილი გულგრილობა, მაშინ როცა, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საჯაროდ გააკრიტიკა შემოთავაზებული ცვლილებები და მიუთითა მათ შეუთავსებლობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპის საბჭოს მიერ დაარსებული დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი შედგება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან მორალური ავტორიტეტისა და რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში გამოცდილების საფუძველზე.