ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ
2015 წლის 28 სექტემბერს სახალხო დამცველმა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ დიპლომატებს, მედიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს სპეციალური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავს სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და ზედამხედველობის კუთხით კანონის მიღებიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ საქმიანობას.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა კანონმდებლობის ხარვეზს, რომელიც კერძო უწყებებისა და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლობას შეეხება. კანონის არსებული რედაქციით კერძო სტრუქტურა არ არის ვალდებული სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დახვეწის და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს. ამჟამად მიმდინარეობს წინადადებისთვის კანონპროექტის სახის მიცემა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. იანოშ ჰერმანმა, ისაუბრა სახალხო დამცველი აპარატის მუშაობაზე კანონის იმპლემენტაციის ნაწილში, თუმცა აღნიშნა, რომ დისკრიმინიაციასთან ეფექტურ ბრძოლას მხოლოდ ერთი ინსტიტუტი ვერ შეძლებს და საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის ოფისში შემოვიდა 107 საჩივარი/განცხადება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით, 4 საქმის შესწავლა კი სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
აღნიშნული 111 საქმიდან დეპარტამენტი ამჟამად აწარმოებს 60 საქმის შესწავლას; 2 საქმეზე გამოიცა ზოგადი წინადადება, 1 საქმეზე რეკომენდაცია, 8 საქმეზე მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად დისკრიმინაციის ფაქტი არ გამოვლინდა; 13 საქმე გადაეცა სხვა დეპარტამენტს, ვინაიდან საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა უფლების დარღვევას და არა დისკრიმინაციას; 6 საქმის განხილვა შეჩერდა, ვინაიდან მომჩივანმა მიმართა სასამართლოს; 21 განცხადება/საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი აშკარა უსაფუძვლობის გამო. ამას გარდა, სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 5 განცხადება სასამართლოს მეგობრის წარდგენის მოთხოვნით. სასამართლოს მეგობრის ორი მოსაზრება მომზადდა და გაიგზავნა ბათუმისა და ზესტაფონის სასამართლოში.
საანგარიშო პერიოდში შემოსული საჩივრების უმეტესობა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს შეეხება. განმცხადებლები ასევე მიუთითებდნენ სექსუალური და გენდერული იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის, რელიგიური მრწამსის, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების, რასისა და კანის ფერის გამო სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზეც.
ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის მიმდინარეობისას დისკრიმინაციასთან ეფექტური ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ არაერთი მოსაზრება გამოითქვა.
2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, საქართველომ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა თავისი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის სამართალთან, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 2 მაისს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღება. აღნიშნული კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.