ქართული და აფხაზური უფლებადაცვითი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მესამე შეხვედრა
2016 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროსაბჭოს ეგიდით ქართველი და აფხაზი უფლებადაცვითი ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა მესამე წელია საქართველოს სახალხო დამცველის პარტნიორობით იმართება და მისი მიზანია თბილისისა და სოხუმის სამოქალაქო საზოგადოებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს შორის კონტაქტების წახალისება, თანამშრომლობის გაღრმავება და უფლებების დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ევროპული ქვეყნების მაგალითზე განიხილეს რეგიონულ და უმცირესობის ენებზე სასკოლო განათლებისა და პოსტ-კონფლიქტურ რეგიონებში საკუთრების უფლების საკითხები.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც დაეხმარება ამ სფეროებში არსებული პრობლემების გადაწყვეტას. მსგავსი შეხვედრების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.