ახალი ამბები

ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში

2016 წლის 13 მაისს სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

2015 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

გენდერული მეინსტრიმინგის არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, როგორც სამინისტროებში, ისე სახელმწიფო მინისტრის აპარატებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ამასთან, არცერთ სამინისტროს არ აქვს სტრუქტურული ერთეული გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისათვის საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს კვოტირების სისტემის შემოღებას.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანი არაერთხელ გამხდარა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხი. აღნიშნულის მიუხედავად, არ დაწყებულა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირების პროცესი. მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის მიუხედავად, კვლავ არ ხორციელდება დაცვისა და დახმარების სპეციალური ღონისძიებები, ხოლო მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ამ დრომდე არ განსაზღვრულა.

მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველიქალებისუფლებრივიმდგომარეობის საკითხი საქართველოში აქტუალობით არ ხასიათდება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა რიგი შემთხვევები და გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ ქალ უფლებადამცველებზე განხორციელებული მუქარის ფაქტების და რისკების სწორად შეფასება. მნიშვნელოვანია ქალი უფლებადამცველების დაცვის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 2013 წლის რეზოლუციის განხორციელებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე და ინფორმირებულობა როგორც რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ისე ქვეყანაში არსებულ სერვისებსა და პროგრამებზე. გაეროს დედათა სიკვდილიანობის შეფასების სააგენტოთაშორისი ჯგუფის მონაცემებით, საქართველო მოიაზრება ე.წ. B ჯგუფის ქვეყნებს შორის; ე.ი. არ აქვს დედათა სიკვდილიანობის შემთხვევების აღრიცხვის სრულყოფილი სისტემა. კვლავ გვხვდება აბორტის ისეთი ფორმა, როგორიც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაა.

დღემდე პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია და შემთხვევების მართვა. 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა. თითქმის სამჯერ მეტია მონაცემები, რომლებიც ბავშვის რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობას შეეხება, 2015 წელს ასეთი 1 449 შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საბაზო საფეხურის დასრულებამდე სკოლის მიტოვების ფაქტები. 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13–დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა.

ძალიან მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისითარსებული რეალობა, განსაკუთრებულ შეშფოთებას ქალთა მკვლელობების შემთხვევები იწვევს. 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, სადაც 5 106 პირი მონაწილეობდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, ხოლო 12 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე.

აღსანიშნავია, რომ ნარკომომხმარებელი ქალებისთვის ორმაგ ბარიერს წარმოადგენს მკურნალობის ან ზიანის შემცირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. პრობლემას წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ნარკომომხმარებელი ქალების განთავსება, რადგან თავშესაფარი ვერ უზრუნველყოფს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებას.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა კეთილსაიმედოა. თუმცა დაწესებულებას არ აქვს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა იყოს მოწყობილი საცხოვრებელი და განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესები.

2012 და 2013 წლების 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის სურვილით შეკრებილი ადამიანების მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები. მისასალმებელია 2015 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, მშვიდობიან გარემოში აღნიშვნა. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სამოქალაქო აქტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის ჩანაწერის ცვლილების შესაძლებლობა. რაც თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღების, დასაქმებისა თუ სხვა პროცესებში.


13.05.06


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)