ახალი ამბები

ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობის საკითხები სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში

2015 წლის 17 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობის საკითხები სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის სამუშაო ვერსიის განხილვა ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ასევე, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ გენდერული თანასწორობის მიმართულებით აპარატის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. პაატა ბელთაძემ ხაზგასმით აღნიშნა საკითხის მნიშვნელობა და იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რაც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მიმართულებით არსებობს. ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება კვლავ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა და აპარატმა ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა; მათ შორის, შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი და შემუშავდა სტრატეგიული დოკუმენტები.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და ძირითად გამოწვევებზე. განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემაზე, რომლის გამოვლენა ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში, ქალთა მკვლელობების მასშტაბებსა და სიმწვავეზე, ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე. პაატა ბელთაძემ ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები დროებითი სპეციალური ზომების შესამუშავებლად. საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შრომით ურთიერთობებში არსებული დისკრიმინაციული მიდგომები და სხვა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ შეხვედრის მონაწილე საზოგადოებას სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის სამუშაო ვერსიის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. მიმდინარე წელს, საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშს დაემატა ახალი თემებიც, კერძოდ: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება; რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები; მედიასაშუალებების როლი ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სფეროში და სხვა. ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია და რეკომენდაციები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში; ქალთა ეკონომიკური აქტივობა და შრომითი უფლებები; ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; ადრეულ ასაკში ქორწინება; ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაში მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს ანგარიშის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ გამომსვლელთა უმრავლესობამ პოზიტიურად შეაფასა სახალხო დამცველის საქმიანობა და საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი საკითხების თემატური განფენილობა და შინაარსობრივი სიზუსტე.

შეხვედრის შეჯამებისას, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ერთობლივი მუშაობის პოზიტიური შედეგი და გამოთქვა სრული მზადყოფნა მომავალშიც გაგრძელდეს საკონსულტაციო ტიპის შეხვედრები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების ეფექტური ადვოკატირებისათვის.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)