ახალი ამბები

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე: „უფლება უსაფრთხო სამუშაო გარემოზე“

2017 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საინფორმაციო კამპანია „უსაფრთხო შრომის“ ფარგლებში ჟურნალისტებისათვის ტრენინგი გამართა თემაზე: „უფლება უსაფრთხო სამუშაო გარემოზე“. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა.

ტრენინგზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლების, ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისა და მათი უფლებამოსილების, ასევე შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თათული თოდუამ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ხარვეზები, ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და შრომის პირობების ინსპექტირებასთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტები წარმოადგინა.

წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში (ვაკანსიის შესახებ განცხადებები, შევიწროება/სექსუალური შევიწროება, დისკრიმინაცია ორსულთა მიმართ) ასევე, განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის შემთხვევები განიხილა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა.

დამსწრე ჟურნალისტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და ტრენინგის თემატიკის მიხედვით ცალკეული შემთხვევები და პრობლემის მოგვარების გზები განიხილეს.

ტრენინგი ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ დაფინანსებით ჩატარდა.


იხილეთ ფოტო გალერეა - flickr-ზე

სახალხო დამცველმა ჟურნალისტებისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხზე ტრენინგი გამართა 4.10.17 Training for Journalists on Right to Safe Working Environment

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)