პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში
2015 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმის შესახებ პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
საჩივრის/მოთხოვნის განხილვის პროცედურის და ამ პროცედურისადმი პატიმართა ნდობის ხარისხისა და დამოკიდებულების კვლევა საქართველოში პირველად განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, რომელიც სოციოლოგიურ და სამართლებრივ კომპონენტებს მოიცავს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 14 პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ შემუშავებული კითხვარების გამოყენებით პატიმრების გამოკითხვა ჩაატარა; შემდეგ კი საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში გააანალიზა, როგორც საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის პროცედურის და შიდა მონიტორინგის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, ასევე მოთხოვნაზე/საჩივარზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეაგირების პრაქტიკა.
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ საჩივრის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვის უფლება, ასევე ეფექტიანი შიდა მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირება წამების წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტია. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საჩივართა/მოთხოვნათა განხილვისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი უზრუნველყოფს პატიმართა უფლებების პატივისცემას და წარმოადგენს ფუნდამენტურ გარანტიას არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ. ასეთი მექანიზმის არარსებობა უარყოფითად აისახება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე. მოთხოვნებზე და საჩივრებზე არაჯეროვანი რეაგირების პირობებში პატიმრები ხშირად მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომებს - შიმშილობას და თვითდაზიანებას.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, თუ რამდენად იყო უზრუნველყოფილი მომჩივანთათვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, კონფიდენციალური და მიუკერძოებელი მოთხოვნის/საჩივრის განხილვის პროცედურები. აგრეთვე, მოსდევს თუ არა მოთხოვნებს/საჩივრებს დროული რეაგირება და რამდენად არის რეაგირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთხოვნის/საჩივრის წარსადგენად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები ზოგადად ხელმისაწვდომია, თუმცა დაბალია მოთხოვნის/საჩივრის შეტანის პროცედურის შესახებ პატიმართა ინფორმირებულობის დონე. პატიმართა მიერ შეტანილი მოთხოვნების/საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება განაჩენის გადასინჯვის, შეწყალების, სამედიცინო მომსახურების, ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის და არასათანადო მოპყრობის საკითხებს.
პატიმრების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ საჩივრის შეტანა არ არის სწორი საქციელი; ნაწილი ფიქრობს, რომ საჩივრის შეტანა მათ მიმართ ზეწოლას გამოიწვევს. (გამოკითხვამ აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში, საჩივრის შეტანისას მართლაც ჰქონდა ადგილი ზეწოლას); პატიმართა ნაწილს სამართლიანი რეაგირების მოლოდინი არ აქვს.
კვლევის თანახმად, საჩივრის წარდგენისას ირღვევა კონფიდენციალურობის პრინციპი; ამასთან, არსებითი პრობლემებია მოთხოვნაზე/საჩივარზე დროული და ადეკვატური რეაგირების კუთხით. ხშირ შემთხვევაში არ ხდება საჩივარში მითითებული საკითხების სრულყოფილად შესწავლა და მიღებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. არადამაკმაყოფილებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობა.
ანგარიში შეიცავს სახალხო დამცველის არა–ერთ კონკრეტულ რეკომენდაციას ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მართალია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებზე/საჩივრებზე სათანადო რეაგირება კვლავაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო ცდილობს, დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში, კრიტიკულად შეაფასოს პენიტენციური ჯანდაცვის სხვადასხვა ასპექტი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები, რაც დადებითი მოვლენაა.
კვლევა განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის მექანიზმისა და შიდა მონიტორინგის გაძლიერება“ ფარგლებში.