პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2016 წლის 22 სექტემბერს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2016 წლის ზაფხულში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს, განიხილეს ამავე პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, გაეცნენ ინფორმაციას დაგეგმილი სხვადასხვა კვლევებისა თუ აქტივობების, მათ შორის, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობა პენიტენციურ სისტემაში“ მიმდინარეობის შესახებ.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველს წარუდგინეს საკუთარი მოსაზრებები პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული აქტივობების, ანგარიშების, სამუშაო მეთოდოლოგიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით 2014 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და მისი მიზანია წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ხელშეწყობა.
საბჭოს შემადგენლობაში არიან საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველის მოადგილეები,სახალხო დამცველის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატთან დაკავშირებული აკადემიურ/საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე, წამების პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვეული ექსპერტები.