ახალი ამბები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშის პრეზენტაცია

2015 წლის 26 ივნისს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრის გახსნისას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონვენცია წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, გამოიძიონ წამების ყველა ფაქტი, პასუხისგებაში მისცენ და დასაჯონ დამნაშავეები, გადაუხადონ კომპენსაცია მსხვერპლს, ანუ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა დაუსჯელობასთან საბრძოლველად. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიებას უზრუნველყოფს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა თავისი მისასალმებელ სიტყვაში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირება არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიმართულებით კი საქართველოსთან მიმდინარე დიალოგის ფორმატში ევროკავშირის უმთავრესი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაა.

სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. ისაუბრა 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ დახურული დაწესებულებების მონიტორინგზე, მონიტორინგის შედეგების ამსახველ ანგარიშებზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე, ტრენინგებზე, შეხვედრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებასა და სამომავლო გეგმებზე.

ნათია კაციტაძემ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მედია აქტივობაზე საუბრისას დამსწრეთ სახალხო დამცველის ვებ–გვერდზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის პროაქტიულად განახლებადი ნაწილი და ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენის პირველი ნომერი წარმოადგინა. ბიულეტენი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და შემეცნების ამაღლებას პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის, დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის, წამების პრევენციის სფეროში საერთაშორისო სიახლეებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში შესული პრევენციის ეროვნული მექანიზმის თავი პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ წარმოადგინა. მიმოიხილა წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები, წესრიგი და უსაფრთხოება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმრობის პირობები, პენიტენციური ჯანდაცვა, პატიმართა კონტაქტი გარე სამყაროსთან, რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, მდგომარეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში, მიგრანტთა დაცვა არასათანადო მოპყრობისგან, თავისუფლება აღკვეთილ/შეზღუდულ შშმ პირთა მდგომარეობა, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ხაზგასმულია ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც მიუხედავად არაერთი პოზიტიური ცვლილებისა, კვლავაც რჩება დახურული ტიპის დაწესებულებებში და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები.

პრეზენტაციების მსვლელობისას და შემდგომ გამართულ დისკუსიაზეც განსაკუთრებული სიმწვავით გამოიხატა საქართველოს სახალხო დამცველისთვის წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ერთ–ერთი პატიმრის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის წარმოების საკითხი. აღინიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველისათვის მიმართვისგან შემდგომში თავის შეკავების რისკს შეიცავს და არსებითად ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფო მიერ არაერთგზის ნაკისრი - წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას.

იხილეთ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია

26.06.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)