პრევენციის ეროვნული მექანიზმი აგრძელებს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგს
2016 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეოთხედ განახორციელეს ევროკავშირის ქვეყნებში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.
პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც დაესწრნენ გერმანიიდან და საბერძნეთიდან საქართველოს 25 მოქალაქის დაბრუნების პროცესს. დაბრუნების პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი“ (FRONTEX).
დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დასაბრუნებელ პირებთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ მათი მობილური ტელეფონები ბარგთან ერთად დაილუქა და შესაბამისად ვერ შეძლეს ოჯახებთან დაკავშირება. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ შეატყობინეს ამის შესახებ „ფრონტექსის“ წარმომადგენლებს, რომლებმაც დიუსელდორფის აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყვეს დასაბრუნებელი პირების მიერ ტელეფონით სარგებლობა. გერმანულმა მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდგომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ერთ-ერთი პირის საქართველოში დაბრუნება.
დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა და მგზავრობამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. თუმცა, საგულისხმოა, რომ დაბრუნების ოპერაციის განმახორციელებელ ესკორტს თან ახლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის გადამღები ჯგუფი, რომელიც დეპორტაციის შესახებ სიუჟეტს ამზადებდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეს-სამსახურის თანამშრომლები ფოტო-ვიდეო გადაღებას დაბრუნებულ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდნენ, რის გამოც აშკარა კონფლიქტური სიტუაცია იქმნებოდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესის მონიტორინგს 2014 წლის დეკემბრიდან ახორციელებს.