პორტუგალიის ომბუდსმენის გამოცდილების გაზიარება თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის საკითხებში
2017 წლის 24–26 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საქართველოს სახალხო დამცველისა და პორტუგალიის ომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები თამთა პაპუაშვილი და ბექა ჯავახაძე ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ პორტუგალიის ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებს, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები და განსახლების ცენტრების ხელმძღვანელ პირებს; გაეცნენ მიგრანტებისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის პორტუგალიაში მოქმედი ინტეგრაციის პროგრამებს, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად ითვლება.
პორტუგალიის ომბუდსმენის მოადგილემ ენრიკე ანტუნესმა და აპარატის ხელმძღვანელმა როზა ვიერა ნევესმა ქართველ კოლეგებთან ომბუდსმენის აპარატის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს; ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ჯანდაცვისა და სოციალური უფლებების თემატური განყოფილების კოორდინატორმა ჟოაო პორტუგალმა კი დეტალურად განიხილა ომბუდსმენის საქმიანობა მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხებზე, მათ შორის, ომბუდსმენის, მიგრაციის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის და თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრების მანდატი.
ქართული დელეგაცია ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო არასრულწლოვანთა მიმღებ ცენტრში არსებულ მდგომარეობას; ესტუმრა ბობადელას თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს და იქ არსებულ საბავშვო ბაღს, რომელიც ინტეგრაციის პროცესის გასაუმჯობესებლად, მიგრანტ, ლტოლვილ და თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებთან ერთად პორტუგალიის მოქალაქეებსაც ემსახურება.
ვიზიტი გაიმართა „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.