ახალი ამბები

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული სექსისტური გამონათქვამების შესახებ

შეშფოთებას გამოვთქვამ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას მიერ მედიასაშუალებებისადმი მიცემული ინტერვიუს დროს ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი და სექსისტური გამონათქვამების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტს, რეგიონული საინფორმაციო სააგენტოს Topnews.com.ge მეშვეობით გავრცელდა.

დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამკვიდრებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია თითოეული ჩვენგანის როლი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ამ საკითხის გადაწყვეტაში ეკუთვნით პოლიტიკური აქტივობის განმახორციელებელ პირებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებებთან.

პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის კომენტარი, რომლის ციტირებაც კი დაუშვებლად მიმაჩნია მისი ესოდენ სექსისტური ხასიათის გამო, შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის.

მოვუწოდებ პარტიის ხელმძღვანელს ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში განხილულ იქნას იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი მის მიერ მედიასაშუალებებთან გაჟღერებული არაეთიკური, შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამის გამო. ასევე, მოვუწოდებ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები პოლიტიკური პარტიის ყველა წარმომადგენლის ინფორმირებისათვის ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)