პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულთა საქმეებზე კომისიამ ანგარიში წარმოადგინა
2015 წლის 4 მაისს საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
კომისიის კომპეტენციაში შედიოდა 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე - 2013 წლის 14 იანვრამდე - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შესწავლა, შეფასება და კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
კომისიის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლაში საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ ხაზი გაუსვა კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას ადამიანთა შელახული უფლებისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესში.
„მინდა ავღნიშნო, რომ კომისიის საქმიანობა ისტორიული და უპრეცენდენტოა, ამასთან ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კომისიამ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით და გადაწყვეტილებები მიიღო კონსესუსის წესით. ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული კომისიის მიერ გამოვლენილი პრაქტიკა, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით სისტემური დევნა.“ -განაცხადა პაატა ბელთაძემ.
კომისიის მიერ საქართველოს მასშტაბით შემოსული განცხადებების განხილვის, შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა განათლების სისტემაში არსებული სხვადასხვა სისტემური ხასიათის პრობლემა, კერძოდ: პოლიტიკური შეხედულებების გამო ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო სკოლის დირექტორებზე ზეწოლა სამსახურის დატოვების მიზნით; საჯარო სკოლის დირექტორებზე ზეწოლა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ან/და პოლიტიკურად არასაიმედო პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე საჯარო სკოლებიდან პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ განთავისუფლებული 20 პირი სამსახურში უკვე აღადგინა.