პანკისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2016 წლის 9 ივლისს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სახალხო დამცველის აპარატის მონაწილეობით ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ფოლკლორული კონცერტი და სპორტული ღონისძიებები გამართეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ლტოლვილ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ლტოლვილთა დაცვა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტია. 2016 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში 393 ლტოლვილის, ხოლო 1010 ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირია რეგისტრირებული; მათ შორის 234 პირი თბილისსა და პანკისის ხეობაში ცხოვრობს. ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უმრავლესობა წარმოშობით რუსეთის ფედერაციიდან, ერაყიდან, უკრაინიდან და სირიიდან არიან.
საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვა გარანტირებული იქნება ჩვენ ქვეყანაში.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ, 2000 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის – 20 მილიონამდე ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უსაფრთხო ქვეყნებში.