ახალი ამბები

ოზურგეთში სახალხო დამცველის ოფისი გაიხსნა

2015 წლის 16 ნოემბერს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეგიონული საქმიანობის გაძლიერების მიზნით ოზურგეთში რიგით მერვე ოფისი გახსნა. გურიის რეგიონში ოფისს მაკა მალაყმაძე უხელმძღვანელებს, რომელიც სახალხო დამცველის ოფისის მიერ კონკურსის წესით შეირჩა.

სახალხო დამცველმა ოფისის გახსნაზე გურიის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილა და ოზურგეთის მერს, გურიის გუბერნატორს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ოზურგეთის გარდა სახალხო დამცველის ოფისები მოქმედებს გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქში. ამასთან, სახალხო დამცველს სხვადასხვა რეგიონში ყავს საკონტაქტო პირები, რომლებიც უფლებათა დარღვევების ფაქტების არსებობის შემთხვევაში პროაქტიულ რეჟიმში თანამშრომლობენ ომბუდსმენის ოფისთან.

16.11.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)