ონლაინ კონფერენცია - COVID-19 პანდემიის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე
2021 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ონლაინ კონფერენცია გამართა თემაზე - „COVID-19 პანდემიის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“.
კონფერენციაზე განიხილეს პანდემიის გავლენა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე, ასევე, ისაუბრეს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე.
„მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ჯანდაცვის სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, განათლების უფლების განხორციელებისას არსებული ხარვეზები და სხვა არაერთი გამოწვევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და გოგოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. 2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ შეზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და გოგოებისთვის გადაადგილების თავისუფლება და საარსებო წყაროებზე მისაწვდომობა. მათ შორის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ სერვისებზე წვდომა“ - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ღონისძიების გახსნისას.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ანა ჩერნიშოვა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი თეონა აქუბარდია და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები წარადგინა გენდერის ექსპერტმა ანა ილურიძემ, ხოლო ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სოფიო რუსეცკიმ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ელენე რუსეცკაიამ, იულია ხარაშვილმა და ეკატერინე გამახარიამ ისაუბრეს.
ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.