ონლაინ ღონისძიება იძულებითი გადაადგილების ეფექტიანი პრევენციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის და მათი პრობლემების გადაწყვეტის სამოქმედო გეგმის შესახებ
2020 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის ონლაინ ღონისძიებაში „იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების მე-20 წლისთავი: იძულებითი გადაადგილების ეფექტიანი პრევენციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის და მათი პრობლემების გადაწყვეტის სამოქმედო გეგმა 2018 – 2020“. ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შედეგად მიღებული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს ერთმანეთს და იძულებითი გადაადგილების შემცირების, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვისა და მათი პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით საერთაშორისო საზოგადოების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა „იძულებითი გადაადგილების ეფექტიანი პრევენციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის და მათი პრობლემების გადაწყვეტის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ განსახორციელებლად აპარატის საქმიანობაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც სახალხო დამცველის ჩართულობით გადაიჭრა. კერძოდ, ნინო ლომჯარიამ მიმოიხილა დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის, კანონმდებლობის დახვეწისა და გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის, დევნილთა მონაცემების დამუშავებისა და მათ გრძელვადიან განსახლებასთან დაკავშირებით აპარატის მიერ გაწეული მუშაობა. გარდა ამისა, შეეხო დევნილთა წინაშე დღესდღეობით არსებულ პრობლემებს და მთავარ გამოწვევას - ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილების უფლებრივ მდგომარეობას; მათ შორის, ნგრევადი შენობების ზუსტი მონაცემების არარსებობას, რაც სახელმწიფოს შესაბამისი პროგრამების ეფექტურ დაგეგმვაში უშლის ხელს და სიცოცხლისა და მომეტებული საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების ნაწილს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღმა ტოვებს.
და ბოლოს, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა (NHRI) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) გაძლიერების მიზნით, სახალხო დამცველმა საერთაშორისო საზოგადოებას თავისი რეკომენდაციებიც წარუდგინა დევნილთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ღონისძიების მოდერატორი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი სესილია ხიმენეს-დამარი. ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელემ გახსნა.