ახალი ამბები

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის „ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის“ თემაზე

2016 წლის 21-23 ივნისს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებითა და წამების პრევენციის ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი“. შეხვედრის მიზანი იყო ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგთან დაკავშირებით პრევენციის ეროვნული მექანიზმების გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი, სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევების დაძლევისათვის აუცილებელი უნარებისა და მეთოდების შესწავლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასევე განხორციელდა სასწავლო ვიზიტი როკიშკისის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

სამდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები ევროპის 17 ქვეყნიდან. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია და ამავე დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსი აკაკი კუხალეიშვილი.

შეხვედრას მასპინძლობდა ლიტვის ომბუდსმენის ოფისი. აქტივობებს უძღვებოდნენ წამების პრევენციის ასოციაციის ექსპერტები. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სამედიცინო და ფსიქიატრიის დარგის ექსპერტები, მათ შორის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის ექსპერტი, რომლებიც მონაწილეებს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ განხილვებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის გამოცდილება და ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.






სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)