ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია ნაწილობრივ გაითვალისწინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ნაწილობრივ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია იძულებით გადაადგილებული პირის პ.კ.-სათვის განაცდური დევნილთა შემწეობის ანაზღაურების თაობაზე.
პ.კ.-ს 2008-2013 წლებში რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეუჩერდა დევნილის სტატუსი და შემწეობის დარიცხვა. 2013 წლის მარტში, მიმართვის შედეგად, განმცხადებელს დევნილის სტატუსი აღუდგა და შემწეობის დარიცხვა განუახლდა, თუმცა არ ანაზღაურებია განაცდური, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს ითვალისწინებდა კანონმდებლობა. კერძოდ, დევნილთა შემწეობის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, დევნილს უნდა აუნაზღაურდეს შეჩერებული დევნილთა შემწეობა, მიმდინარე საბიუჯეტო წლის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ პ.კ.-ს დევნილის სტატუსის აღდგენით შემწეობის შეჩერების საფუძველი აღმოიფხვრა, საქართველოს სახალხო დამცველმა განმცხადებლისათვის 2008 – 2013 წლებში განაცდური დევნილთა შემწეობის ანაზღაურების რეკომენდაცია გასცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განმცხადებლისათვის მხოლოდ 2013 წლის იანვრისა და თებერვლის დევნილთა შემწეობის ანაზღაურების თაობაზე გამოთქვა მზადყოფნა. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამინისტროს პოზიცია 2008-2012 წლებში განაცდური შემწეობის აუნაზღაურებლობაზე არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არღვევს პ.კ.-ს უფლებებს.