ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

2021 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონოტირინგის შედეგები გაასაჯაროეს.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ლადო მკერვალიშვილი და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი.

ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპეციალური ანგარიში ეყრდნობა 2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში ჩატარებული სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც პროექტის მკვლევარები სისხლის სამართლის 30 საქმეზე დააკვირდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვას.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები: ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვა ხშირად ისეთ ვითარებაში მიმდინარეობს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულ ქალთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას. არ ხდება დაზარალებული ქალების სრულყოფილი ინფორმირება უფლებების და მხარდამჭერი სერვისების შესახებ, აგრეთვე - მათთვის სათანადო სამართლებრივი დახმარების გაწევა.

სპეციალური ანგარიშის თანახმად, დაზარალებული ქალების მეორეული ვიქტიმიზაციის რისკები განსაკუთრებულად ძალადობაში ბრალდებული პირებისგან და მათი ადვოკატებისგან მომდინარეობს. ცალკეული დაკითხვების დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ადვოკატების კითხვები და რეპლიკები არარელევანტური ან დამადანაშაულებელი იყო, და ასევე, ატარებდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ხასიათს. საყურადღებოა, რომ სასამართლოების ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ქალის და მოძალადის ან მისი ახლობლის ფიზიკური თუ ვერბალური კომუნიკაციის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ძალადობის მსხვერპლ ქალზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებისა და მისი მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით, დაკითხვის დროს ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, დაკითხვის პროცესებში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები და დაზარალებულის ადვოკატები. არსებით პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი სრულწლოვანი ქალის უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობას.

დოკუმენტში ასევე, იხილავთ საქართველოს პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურისათვის მომზადებულ რეკომენდაციებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო რეფორმების გატარებას, მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას და სასამართლოს ინფრასტრუქტურის დახვეწას ითვალისწინებს.

სპეციალური ანგარიშის მომზადებაში ორგანიზაციას „უფლებები საქართველოს“ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მხარს უჭერდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)