მრგვალი მაგიდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით
2019 წლის 16 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა მრგვალი მაგიდა გამართა, რომელზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრები განიხილეს.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა არსებული მდგომარეობა შეაფასეს და შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს. ღონისძიებას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძე უძღვებოდა.
მრგვალი მაგიდა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მეგან ფიცჯერალდმა.
OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას სახალხო დამცველმა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე, 2019 წლის 19 აპრილს გააცნო. მოსაზრებების ნაწილი მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტშიც აისახა. მათ შორის: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს აღარ მოეთხოვება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, პარლამენტს მიეწოდება კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია, ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მხოლოდ ნაწილობრივ მოწესრიგდა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატებისათვის კითხვების დასმა მათაც შეეძლებათ, ვინც ამ კომიტეტის წევრი არ არის, განისაზღვრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა.
საგულისხმოა, რომ კანონში არ მოხვდა ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელთაც OSCE/ODIHR უწევდა რეკომენდაციას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება, მათი გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის კრიტერიუმების განუსაზღვრელობა.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ დღეს გამართული დისკუსია დაეხმარება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესებას მომავალში.
|
. |