ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა ოსური თემის როლის გააქტიურების, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე

2015 წლის 16 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ოსური თემის როლის გააქტიურების, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ოსური თემის მდგომარეობა საქართველოში, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მათი უფლებების დასაცავად, ასევე ოსური სამოქალაქო ორგანიზაციების გამოცდილება კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ორგანიზაციების წინაშე დგას. ოსური საზოგადოების სამშვიდობო პროცესში ჩართულობისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის აუცილებლობა.

„პრობლემები ძალიან ბევრია, დროა ხელისუფლებამ ინტენსიურად დაიწოს მუშაობა ოსური თემის განათლების, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ღონისძიების გახსნაზე.

კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლების წინაშე არსებულ პრობლემებს სახალხო დამცველი ყოველწლიურად ასახავს თავის საპარლამენტო ანგარიშებში. ასევე, მომზადდა არაერთი სპეციალური ანგარიში, გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით. აქტიურად მიმდინარეობს საუბრები მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე და იგეგმება კვლევის ჩატარება რესტიტუციის თემაზე.

შეხვედრაზე განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დაკავების, მათი უსაფრთხოების, პატიმრობისა და სხვა მწვავე საკითხები. ისაუბრეს ცხინვალის ციხეში სხვადასხვა ბრალდებით თავისუფლება აღკვეთილ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსთავის და ქსნის ციხეებში ათამდე ოსი პატიმარია, რომლებიც „გაცვლას“ ან ცხინვალში გადაყვანას ითხოვენ.

სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლიდან აქტიურადაა ჩართული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაში. 2014 წლის იანვარში სახალხო დამცველის ინიციატივით შეიქმნა ოსური ფორუმი, რომელიც არის სახალხო დამცველის საკონსულტაციო ორგანო საქართველოში მცხოვრები ოსური თემის უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიებაც ოსურ ფორუმთან თანამშრომლობის შედეგია.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

16.10.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)