ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა: გამოწვევები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარულის სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში და მათი გადაჭრის გზები

2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „გამოწვევები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარულის სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში და მათი გადაჭრის გზები“.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უფროსი სამართლებრივი მრჩეველი ინნა ბორისევიჩი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი კანონმდებლობის შემუშავებაში და, რაც მთავარია, უფრო გამჭვირვალე გახადოს მისი იმპლემენტაცია.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თამთა პაპუაშვილმა თავშესაფრის საკითხებზე აპარატის საქმიანობის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებზე, მთავარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა; მიმოიხილა თავშესაფრის კანონმდებლობა, სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მინიჭებაზე უარის დასაბუთების საკითხი და ამგვარი საქმეების გასაჩივრებისა და საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელმა საერთო სასამართლოების პრაქტიკასა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საქმეების განხილვის სპეციფიკა განიხილა. ღონისძიებაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები და თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის გზაზე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის საშუალებების შესახებ თავისი უწყებების ხედვა და პოზიცია წარმოადგინეს.

დისკუსიაზე შეხვედრის მონაწილე სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თემის არსისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის დროს გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრეს.

23.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)