მრგვალი მაგიდა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე
2019 წლის 21 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ეკატერინე სხილაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი. ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში პრობლემად რჩება შესაბამისი უწყებების მხრიდან სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დროულად ვერ ხდება სექსუალური ხასიათის ქმედებათა შედეგად დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, სათანადოდ ვერ ხორციელდება მსხვერპლი არასრულწლოვნების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია.
მიუხედავად პრობლემის მასშტაბებისა, სახელმწიფო საზოგადოებისა და განსაკუთრებით ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ფორმატში არ ახორციელებს საინფორმაციო აქტივობებს და კამპანიებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ტარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვებში ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს კონვენციის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის შესახებ (ლანსაროტის კონვენციის) გაცნობა შესაბამისი ორგანოებისა და პროფესიონალებისთვის, საქართველოში ამ კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა და ამ მიზნით კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებების მიწოდება.