მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრები
2019 წლის 30-31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მადონა ბასილაძემ, კოკა მებონიამ და ირინა გურჩიანმა მესტიის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
მესტიის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თანამშრომლებთან თვითმმართველი ორგანოების მხრიდან გენდერული თანასწორობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა ჩართულობის და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები შეაფასეს. იმსჯელეს პასუხობს თუ დაგეგმილი პოლიტიკა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ქალების საჭიროებებს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს სოფელ ლატალისა და ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ხაზი გაუსვეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების მნიშვნელობას, ქალთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა საჭიროებების კვლევის მნიშვნელობაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე.
მესტიის განათლების რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით წყალსა და სანიტარიაზე მისაწვდომობის შესახებ საქართველოს საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობზე ისაუბრეს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სველი წერტილები მხოლოდ დაბა მესტიის სკოლებშია მოწყობილი და მოქმედი, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებში წყალმომარაგების პრობლემის გამო სველი წერტილები უმოქმედოა. გამომდინარე აქედან, სოფლებში წყალმომარაგების პრობლემის მოწესრიგებამდე, სკოლების ქვეყნის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოხერხდება.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისგან გამოკვეთილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადასაწყვეტად მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები განიხილეს მესტიის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან. მერმა კახა ჟორჟოლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ჯაფარიძემ პრიორიტეტული საკითხები და მათი გადაჭრის მიზნით 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.