კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე
2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.
11 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბაქრაძემ წარმოადგინა.
სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსადმიგულისხმობდა – სათანადო ღონისძიებების გატარებას ქვეყანაში არსებულ მუზეუმებთან დაკავშირებით, რათა არ იქნეს უგულებელყოფილი კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპი, რომელიც მოიცავს მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, აგრეთვე მოქალაქის უფლებას, ისარგებლოს კულტურული ფასეულობებით.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ფინანსურ დანახარჯებზე, მატერიალურ–ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებზე. ისაუბრა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული ცენტრებისა და თეატრების სარეაბილიტაციო საკითხებზე; დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე. აღნიშნა, რომ შეიქმნა ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელშიც ყველა მუზეუმი იქნება შეყვანილი.
მინისტრის მოადგილის ცნობით, ქვეყანაში არსებული 453 მუზეუმიდან მხოლოდ 25 ექვემდებარება სამინისტროს, დანარჩენი მუზეუმები თვითმმართველი ქალაქების დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, მათი რეაბილიტაციის საკითხს სამინისტრო ვერ განაგებს. მათ შორის, ისაუბრა სავალალო მდგომაროებაში მყოფი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ამ მუზეუმის რეაბილიტაცია თვითმმართველობის პრეროგატივაა, თუმცა ფინანსების მოძიებისა და რეაბილიტაციის პროცესზე გარკვეული მუშაობა უკვე დაიწყო, რაშიც სამინისტროც ჩართულია.
გიორგი ბაქრაძემ ცალკე გამოყო ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული ოსური სახლის რეაბილიტაციის საკითხი, რომელსაც სახალხო დამცველი გასული წლის ანგარიშშიც ითხოვდა და აღნიშნა, რომ სამინისტრო უკვე აქტიურად ახორციელებს სახლის აღდგენის წინასწარ სამუშაოებს.
რაც შეეხება შაუმიანის სახელობის სომხურ თეატრს, მისი რეაბილიტაციის გეგმა უკვე შემუშავებულია და 4,5 მლნ ლარიც გამოყოფილია და 1 აპრილამდე ეროვნული ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს შენობის შეფასების სრულყოფილ დასკვნას, რის შემდეგაც თეატრის რეაბილიტაცია დაიწყება.
ჯერ კიდევ გაურკვეველია ალიევის სახელობის აზერბაიჯანული თეატრის საკითხი, ვინაიდან თეატრის შენობა ავარიულია, გაუმართლებელია მისი რეაბილიტაცია, და ამავდროულად ვერ ხერხდება თეატრის დასის სხვა შენობაში გადასვლაზე დათანხმება. პრობლემა რა თქმა უნდა, მოგვარებადია, თუმცა დროში იწელება, და შესაბამისად სახალხო დამცველის რეკომენდაციაც ამ ნაწილში ჯერ–ჯერობით შესრულებულად ვერ ჩაითვლება.